„იმედია ევროპა საკუთარ თავს იპოვის, შეწყვეტს საკუთარი თავის უარმყოფელი გადაწყვეტილებების მიღებას და გაგვიხსნის მოლაპარაკებების „ფანჯარას”, რადგან ქართული სახელმწიფო დღევანდელ ევროპულზე ევროპულია და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ევროპას სხვა გზა არ აქვს.“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი თამთა მეგრელიშვილი წერს.
მისი თქმით, საკუთარ კულტურასა და ტრადიციებთან ბრძოლაში დაბნეული ევროპა საკუთარ ღირებულებებთან ჭიდილშია.
„მსურს გამოვეხმაურო ჩემი გუნდის, „ხალხის ძალის” ძალიან საინტერესო წერილს, რომელიც დღევანდელი ევროპის დიაგნოზია.
ნამდვილი ევროპა არ არის უბრალოდ გეოგრაფია, ევროპა იდეაა, ერთმორწმუნე ქრისტიანული სივრცეა, რომელთანაც საქართველოს საერთო რელიგია და ქრისტიანული კულტურა, თავისუფლების, თანასწორობისა და მშვიდობის იდეა აკავშირებს.
საქართველოს სჭირდება ნამდვილი ევროპა და ევროპას სჭირდება საქართველო, ყველა იმ ფასეულობით, რაც საქართველოს დღემდე აქვს, რადგან ევროპა, დღეს საკუთარ ფასეულობათა აღიარების კრიზისშია და საქართველო ევროპისთვის, შეიძლება ითქვას, მთავარ ფასეულობათა დაცვის კარგი მაგალითია.
ტოტალურმა მიგრაციამ ევროპას კულტურული, ეთნიკური და რელიგიური იდენტობის ეგზისტენციური პრობლემა შეუქმნა. ევროპის დიდი ქალაქების უდიდეს უმრავლესობაში უკვე არაქრისტიანი და არაადგილობრივი მოსახლეობა ჭარბობს, რაც ევროპას საკუთარ ტრადიციულ შინაარსს უკარგავს.
დიდი გამოწვევაა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირების ფერადი რევანშიც. ევროპა ლგბტ წარმომადგენლების ჭრელ პოლიგონად იქცა. ქვეყნების უმრავლესობაში, 18-25 წლის ახალგაზრდებში, ლგბტ პირების რაოდენობა უკვე 20 პროცენტს შეადგენს, რაც იმის უტყუარი დასტურია, რომ მათი „ელგებეტეობის“ მთავარი მიზეზი არა შესაბამისი ფიზიოლოგიური მდგომარეობა, არამედ მორალისა და რელიგიური დოგმებისგან სრული სტერილიზაციაა.
ევროპა უზნეობის გამოწვევებში იკარგება და დიდი კულტურიდან დიდ უკულტურობამდე მიმავალ გზაზე მისი მხსნელი ჯერ არავინაა, მაგრამ ტერიტორიულად შორს და ამასთანავე, ტრადიციულად ძალიან ახლოს, ევროპის გვერდით, ქართული სახელმწიფო დგას, რომელიც უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში, მიუხედავად ურთულესი გამოწვევებისა, ინარჩუნებს სუვერენიტეტს და მყარად იცავს საკუთარი მოსახლეობის კულტურულ, ეთნიკურ, რელიგიურ და სექსუალურ იდენტობას და ეს გამოცდილება ევროპისათვის საუკეთესოდ გასაზიარებელი პრაქტიკაა.
ჩვენ გვინდა ევროპა ევროპელებით. ჩვენ გვინდა ევროპა ქრისტიანობითა და ქრისტიანებით. ჩვენ გვინდა ევროპა, რომელმაც იცის საკუთარი სუვერენიტეტისა და იდენტობის, დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი. ამ დროს, საკუთარ კულტურასა და ტრადიციებთან ბრძოლაში დაბნეული ევროპა საკუთარ ღირებულებებთან ჭიდილშია.
როგორ შეიძლება ძირითადი ფასეულობებისა და პრინციპების დაცვა გახდეს შერჩევითი. ევროპა საკუთარ თავს შინაარსს უკარგავს, როცა საქართველოსგან ითხოვენ ცესკოსა და სასამართლოს დესტაბილიზაციას, აფინანსებს ლგბტ პროპაგანდას და მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმას.
როცა ღია მხარდაჭერას უცხადებს ადამიანებს, რომლებმაც ცხრაწლიანი სისხლიანი რეჟიმის პირობებში ადამიანის უფლებები ფეხქვეშ გათელეს, პატიმრები აწამეს, ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს, არჩევნები გააყალბეს, ბიზნესი აყაჩაღეს და ტელევიზიები მიიტაცეს…
ყველას გახსოვთ, როგორ გაგვიყალბეს 2020 წელს ე.წ. პივიტი და როგორ ცდილობდნენ 19 აპრილის ანტიკონსტიტუციური შეთანხმებით ხელის გადაგრეხვას, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ეიძულებინათ;
ყველას გახსოვთ, როგორ გვეუბნებოდნენ 2021 წლის არჩევნებამდე ორიოდე დღით ადრე უარს 75 მილიონი ევროს სესხის გაცემაზე იმის გამო, რომ სასამართლოს დესტაბილიზაციაზე ვთქვით უარი. ამის ერთადერთი მიზანიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შედეგზე ზემოქმედება და რიგგარეშე არჩევნების მიღწევა იყო;
ისიც ყველას გახსოვთ, როგორ გვითხრეს 2022 წელს სრულიად უმიზეზოდ უარი კანდიდატის სტატუსზე, რის საფუძველზეც რევოლუციის მოწყობა სცადეს;
ყველას გახსოვთ, როგორ ითხოვდნენ სააკაშვილის გათავისუფლებას, რადგან რევოლუციური მუხტი ყველაზე მეტად მის პერსონაში ეგულებოდათ.
ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება და დღეს სამიზნე გამჭვირვალობის შესახებ კანონია. უკიდურესად არაევროპულია, როდესაც კანონის უარყოფას ითხოვ და არგუმენტად თუნდაც ერთი შენიშვნა არ გაქვს.
და მაინც, იმედია ევროპა საკუთარ თავს იპოვის, შეწყვეტს საკუთარი თავის უარმყოფელი გადაწყვეტილებების მიღებას და გაგვიხსნის მოლაპარაკებების „ფანჯარას”, რადგან ქართული სახელმწიფო დღევანდელ ევროპულზე ევროპულია და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ევროპას სხვა გზა არ აქვს.
ჩვენ ამ პროცესს მოთმინებით დაველოდებით, რადგან არჩევანს – დავიცვათ ჩვენი კულტურული ფასეულობები და ისე შევაბიჯოთ ევროპულ ოჯახში, ალტერნატივა არ აქვს.“ – წერს თამთა მეგრელიშვილი.