fbpx

თავდაცვის სამინისტროში SNGP-ის ინიციატივების განხორციელებაზე იმსჯელეს

თავდაცვის სამინისტროში SNGP-ის ინიციატივების განხორციელებაზე იმსჯელეს
საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოში აკრედიტებული
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ნატო-საქართველოს
თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს.
ელჩებსა და სამხედრო ატაშეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ
ბურჭულაძემ სიტყვით მიმართა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე
საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის პრაქტიკულ მექანიზმებზე და ამ
კუთხით ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. ჯუანშერ
ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით SNGP
ინიციატივები წარმატებით ხორციელდება. მან მადლობა გადაუხადა აღნიშნული ქვეყნების
წარმომადგენელებს ექსპერტული რჩევებისა და ფინანსური მხარდაჭერისათვის.
თავდაცვის უწყების წარმომადგენლებისა და დიპლომატების შეკრების მთავარი მიზანი
ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივების განხორციელების, ასევე
განახლებული პაკეტის შესახებ მსჯელობა იყო. მინისტრის შემდეგ დამსწრე საზოგადოებას
თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმაც მიმართა და ყურადღება
გაამახვილა საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის ნატოში გაწევრიანების
მნიშვნელობაზე. ლელა ჩიქოვანმა საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების
განვითარების საქმეში SNGP-ის მნიშვნელოვანი როლი ხაზგასმით აღნიშნა. სიტყვით
გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ თანამშრომლობის შედეგად განხორციელებული
პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის: ნატო-საქართველოს წვრთნებისა და
შეფასების ერთობლივ ცენტრზე (JTEC), თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის
სკოლაზე (DIBS), საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების, ასევე სამხედრო
პოლიციის შესაძლებლობების განვითარებაზე, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლაზე,
კიბერუსაფრთხოებაზე, ლოჯისტიკური შესაძლებლობების გაძლიერებაზე და სხვა.
ნატოს ძირითადი ჯგუფის (NATO Core Team) ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ნორბერტ ჰესმა
განახლებული SNGP-ის გამოწვევებსა და საჭირო რესურსებზე ისაუბრა. თავდაცვის ძალების
მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ კი, დიპლომატებს
საქართველოს სამხედრო წვრთნების შესაძლებლობებზე მიაწოდა ინფორმაცია. თავდაცვის
ძალების გენერალური შტაბის J-4 დეპარტამენტის წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ივანე
ბუჩუკურმა საქართველოს მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის შესაძლებლობების შესახებ
პრეზენტაცია წარადგინა. თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გამართულ შეხვედრას
თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და უწყების სხვა
ოფიციალური პირები დაესწრნენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება