fbpx

ვახტანგ მაისაია – სოციოლოგია, მე ვიტყოდი, უკვე დეგრადაციას განიცდის…

რა აქცენტებს სვამს ვახტანგ მაისაია ისქნიუსთან საუბრისას

,,2024 წელს პირველად ვატარებთ პროპორციული სისტემით არჩევნებს, თანაც იმ ფონზე, როდესაც ყველაზე დიდი დეფიციტია პოლიტიკური პარტიების. როდესაც ტარდებოდა ეს არჩევნები თუნდაც მიხეილ სააკაშვილის პერიოდში, მაშინ პოლიტიკური პარტიების სპექტრი უფრო მეტად იყო წარმოჩენილი და მაშინ არც იყო სისტემური კრიზისი. მაშინ პოლიტიკური პარტიების რაოდენობა საკმაოდ სოლიდურად გამოიყურებოდა. დღეს, ელემენტარულად, საქართველოში იმდენად ნაცარტუტად არის დაყვანილი პოლიტიკური მოძრაობის ცნება, მიჭირს ვთქვა –  საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება კი? ამ პროპორციული არჩევნების ჩატარებას სჭირდება თავისი სპეციფიკა, სერიოზული მომზადება, სჭირდება თავისი რესურსი… ეს რესურსი საქართველოში არ არსებობს… დემორალიზირებულია, ფაქტობრივად, ყველა პარტია“, – აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია იქსნიუსთან საუბარში.

პოლიტოლოგი არ ენდობა არც ერთ სოციოლოგიურ კვლევას და ამბობს, რომ სოციოლოგიური კვლევები, ფაქტობრივად, მკვდარია.

,,სოციოლოგია, მე ვიტყოდი, უკვე დეგრადაციას განიცდის. ნორმალური, ადექვატური სოციოლოგიური კვლევები, სამწუხაროდ, აღარ ტარდება“, – ამბობს ვახტანგ მაისაია, რომელსაც მაგალითად მოჰყავს 2012 წლის წინ ჩატარებული კვლევა, რომლის მიხედვითაც არჩევნებში კვლავ ,,ნაციონალური მოძრაობა“ იმარჯვებდა, არჩევნებმა კი რეალურად სხვა შედეგი აჩვენა.

პოლიტოლოგის ეს შეფასებები მოჰყვა ,,გორბისა“ და ,,ფორმულას“ მიერ შემოთავაზებულ კვლევის შედეგებს, რომელზეც ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ საშუალო არითმეტიკული უნდა გამოვიყვანოთ და სავარაუდო მოსალოდნელ შედეგებზე ისე უნდა ვიმსჯელოთ. 

,,ყოველთვის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემების არჩევნებს აქვს ცუდი თვისება. ის ქვეყნები, როგორიც არის პოლონეთი, იტალია, საბერძნეთი, სადაც ამ სისტემით ტარდება არჩევნები, ყოველთვის დაბალი მაჩვენებელია ამომრჩევლების, ელექტორატის… ჩვენ ფონზე პოლიტიკური კრიზისის და სოციუმის გახლეჩის ფონზე შეიძლება მოხდეს ელექტორატის ფარული პროტესტი, დიდი რაოდენობა არ მოვიდეს არჩევნებზე. ამან შეიძლება დააგდოს ის მაჩვენებელი, რომელიც ,,გორბის კვლევებში არ არის გათვალისწინებული. ბევრი ნიუანსია, რომ მომავალი წლის არჩევნები სხვა კონტექსტში წარიმართოს. ამიტომ, მე, მაგალითად, პირადად გამოვრიცხავდი კონსტიტუციური უმრავლესობის მიღებას როგორც ერთი მხრიდან, ასევე, მეორე მხრიდან“… – ამბობს ვახტანგ მაისაია.

ვახტანგ მაისაიას თქმით, მმართველ პარტიაში არსებობს ერთგვარი დაჯგუფებები. ,,თუნდაც ის, რომ მმართველ პარტიას გამოეყო ,,ხალხის ძალა“, რომელიც ახლა აპირებს პოლიტიკურ პარტიად გადაკეთებას, ეს დაპირისპირების პირდაპირი გამოვლინებაა. შიგნით კიდევ დაპირისპირების ელემენტები შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ყველაზე საინტერესო მომენტია, რომ ამას დაემატება გეოპოლიტიკური ფონი. თუ მანამდე გეოპოლიტიკურ ფონს არ ჰქონდა გამოკვეთილი ეფექტი, ამას 2024 წლისთვის ექნება გეოპოლიტიკური გამოვლინების ელფერიც, რაც განსაზღვრავს ამ არჩევნების ტენდენციას“, – აღნიშნავს პოლიტოლოგი.

ვახტანგ მაისაია თავს მოიაზრებს იმ ელექტორატს შორის, რომელიც, ამ ეტაპზე, მიზეზთა გამო პასიურად მიიჩნევა. იგი აცხადებს: ,,შეიძლება ,,ქართული ოცნება“ კიდევ დაიშალოს რამდენიმე პოლიტიკურ დაჯგუფებად. ,,ნაცმოძრაობა“ ახლა ისედაც დაშლილია – ხაბეიშვილი-მერაბიშვილის, ნიკა მელიას და წითლიძე-ბოკუჩავას დაჯგუფებებად.  ,,ნაცმოძრაობა“ რომ ჩემი ნომერ პირველი მტერია, გასაგებია… ,,ქართული ოცნება“ გაურკვეველი ტიპის პოლიტიკური გაერთიანებაა. ,,ხალხის ძალა“-ში ჩემთვის გეოპოლიტიკური მტრები არიან. ,,ლელო“ და სხვა პარტიები, ვფიქრობ, ვერ გაქაჩავენ და მათი პოლიტიკური მომავალი ძალიან საეჭვოა, ეს ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური გაერთიანებებია. ვნახოთ გახარია რა იდეებს წარმოაჩენს, თუმცა არც ეს პარტია იწვევს ჩემში დიდ ხიბლს. სხვა პოლიტიკური პარტიები არ არსებობენ… მოკლედ, მე, პირადად, ჯერ ვარ პასიური ელექტორატის მხარეს, რომელიც შეადგენს, პირობითად, 50 %-ს“, – ამბობს ვახტანგ მაისაია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება