„მათი მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი, ვფიქრობ, იმ ძალების კარნახით და ზემოქმედებით მოხდა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოს ომში ჩართვით. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ერთადერთი, რასაც საქართველო არ
ასრულებს საერთაშორისო აქტორების მოთხოვნებიდან არის ომში არ ჩართვა,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.
მისივე თქმით, ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საქართველოს პრემიერ -მინისტრისთვის ოფიციალურ მიღებაზე მოსაწვევის გაუქმებით არადემოკრატიული, არადიპლომატიური და საქართველოსთვის შეურაცხმყოფელია ნაბიჯი გადადგა.
„დარწმუნებული ვარ, რომ
პრემიერ-მინისტრს ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მოსაწვევი სტანდარტული წესით გამოუგზავნეს, ისევე, როგორც იქ სტუმრად ჩასულ სახელმწიფოების უმაღლესი თანამდებობის პირებს. თუმცა, შემდეგ უცებ გადაწყვიტეს, რომ რაღაცით ზიანი მიეყენებინათ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისათვის, დახმარებოდნენ ოპოზიციას და მოიფიქრეს ერთი მხრივ ეს უგუნური სვლა და მეორე მხრივ ძალიან არასერიოზული. სახელმწიფო, რომელსაც აქვს პრეტენზია, მართოს მსოფლიო, დაამყაროს მსოფლიო წესრიგი და იყოს დემოკრატიის მცველი, უცებ დგამს ბავშვურ ნაბიჯს და მოსაწვევს აუქმებს. ქართველებისთვის ასეთი რამ მიუღებელია, რადგან ჩვენ გავიზარდეთ სტუმარ – მასპინძლობის ტრადიციებით. საქართველო სტუმარ – მასპინძლობით ცნობილი ქვეყანაა და უცებ მის მიმართ ხდება ასეთი ძალიან ბავშვური და არასერიოზული გამოხტომა.
ბაიდენის ადმინისტრაციის ქცევაში საქართველოსთვის დადებითი ერთი მომენტია. მათი ქცევით ჩანს, ჩვენი მტრების განწყობა, თუმცა აქვე აღვნიშნავ, მე არ ვამბობ, რომ ჩვენი პარტნიორი სახელმწიფო – ამერიკა ჩვენი მტერი. უბრალოდ იქ არიან გარკვეული ძალები, რომლებიც გავლენას ახდენენ ადმინისტრაციაზე, რადგან შეძრწუნებულები არიან იმით, რომ მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ აქვს ხალხის უდიდესი მხარდაჭერა. ამიტომ ისინი ხედავენ, რომ განუწყვეტელი მაშველი რგოლები, რომლებსაც მთელი ამ ხნის განმავლობაში უგდებდნენ ჩვენს ოპოზიციას მათი, თუ მათ მიერვე მართული ევროკავშირის ცალკეული მაღალჩინოსნების განცხადებების სახით, შედეგს არ იძლევა. ანუ ხალხი ოპოზიციის მხარეს ვერ მოაბრუნეს. მათი ქმედება არ წერია არაფერში – არც დიპლომატიაში და არც სხვა რამეში.
მათი მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი, ვფიქრობ, იმ ძალების კარნახით და ზემოქმედებით მოხდა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოს ომში ჩართვით. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ერთადერთი, რასაც საქართველო არ ასრულებს საერთაშორისო აქტორების მოთხოვნებიდან არის ომში არ ჩართვა.
ბრალდება, მაგალითად დემოკრატიული უკუსვლის შესახებ, რით დასტურდება? ისევ მათი ინსტიტუტებისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დემოკრატიული მაჩვენებლების მიხედვით 2012 წლიდან საქართველო აჩვენებს დემოკრატიის კუთხით მდგრად პროგრესს. ამ მაჩვენებლების მიხედვით საქართველო წინ უსწრებს არამარტო ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა ქვეყანას, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც კი.
ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეს ბავშვური საქციელი, არადემოკრატიული, არადიპლომატიური და შეურაცხმყოფელია ჩვენი ქვეყნისათვის – ეს არის მათი უსუსური ნაბიჯი, საქართველოს მოსახლეობა გასაბრაზებლად, რომ მხარი აღარ დაუჭირონ იმ ძალას, რომელსაც მთელი 12 წლის განმავლობაში გვერდით ედგა,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.