fbpx

დავით ქართველიშვილი: დღეიდან მხოლოდ ერთ ფსონს აქვს გამარჯვების შანსი და მას დიადი საქართველო ჰქვია

„გუშინ თითქოს დასრულდა ჩვენი „უდაბნოში 33-წლიანი ხეტიალი“ და წინ „იორდანეს“ (ენგურის) ნაპირების კონტურები გამოჩნდა, რომელსაც ისეთივე წარმატებით გადავლახავთ, როგორც ეს გუშინ მოვახერხეთ“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

დავით ქართველიშვილი საქართველოს ნაკრების ისტორიულ გამარჯვებასა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლას მიმოიხილავს და აღნიშნავს, რომ ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანის დაცვა ბოროტებისაგან ქვეყანაში ახალ საფეხურზე გადავიდა და ეს პროცესი ამიერიდან შეუქცევადი გახდება.

„ღირსების, ღმერთის, სამშობლოს, ადამიანის დასაცავად რამდენი ქართველი გამოვა ქუჩაში – გუშინდელ ღამეს ყველამ დაინახა. ბოღმით დაიხრჩო „ფრიმიშასა“ და „მაიდანის“ „სასტავი“ – ქვეყნის ნაცჯუნგლებში შემობრუნების მათი საბოლოო იმედი ამაღამ დაიმსხვრა. დარწმუნებული ვარ, გუშინ ბევრმა დადო ტოტალიზატორზე საბერძნეთის მოგებაზე „კუში“, მაგრამ – წააგო. დღეიდან მხოლოდ ერთ ფსონს აქვს გამარჯვების შანსი და მას დიადი საქართველო ჰქვია.

როდესაც ქვეყნის ამყირავებელთა დაფინანსების გამჭვირვალობას ითხოვდა საქართველო, ამერიკელმა „ეგზარქოსმა“ ქართველ დეპუტატებს მუქარა შემოუთვალა ეროვნული კანონის კენჭისყრაზე გატანის შემთხვევაში; როდესაც ჩვენი მომავალი თაობებისთვის კაცობრიობის შექმნის ბიბლიური ისტორიის შენარჩუნების დასაცავად დაიწერა კანონპროექტი, „ემნესთი ინთერნეიშენელმა“ მისი დაინიცირებაც კი აგვიკრძალა. საკმარისია! დასრულდა თქვენი დღის წესრიგის ჩვენს თავზე მოხვევა.

მართალია, ჩვენ თვალწინ მაინც გრძელდება საქართველოში უღმერთო, უსამშობლო, განსულიერებული „ახალი ადამიანის“ შექმნის პროცესი, რომლის სათავეში გენმოდიფიცირებულ არსებებად ჩამოყალიბებული ნაცსექტის „გენდერული მრავალფეროვნება“ მოქცეული, მაგრამ გუშინ თითქოს დასრულდა ჩვენი „უდაბნოში 33-წლიანი ხეტიალი“ და წინ ჩვენი „იორდანეს“ (ენგურის) ნაპირების კონტურები გამოჩნდა, რომელსაც ისეთივე წარმატებით გადავლახავთ, როგორც ეს გუშინ მოვახერხეთ. ასე რომ, ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანის დაცვა ამ ბოროტებისაგან, ჩვენ ქვეყანაში ახალ საფეხურზე გადავიდა და ეს პროცესი ამიერიდან შეუქცევადი გახდება“, – წერს დავით ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება