fbpx

დავით კაჭარავა: მშვიდობა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, ამიტომ ჩვენ ვალდებულები ვართ, შევინარჩუნოთ მშვიდობა და წინ გადავდგათ ნაბიჯები

„ადამიანები, რომლებიც აქციაზე სკანდირებენ, რომ საქართველოს გზა არის ევროპისკენ, საინტერესოა თუ იციან რამხელა პატივს სცემენ ევროპაში სამართალდამცავებს და მათი შეურაცხყოფა როგორი მძიმე მუხლით ისჯება,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა დავით კაჭარავამ.

კაჭარავა დღეს პარლამენტის წინ დაგეგმილი აქციის იმ მონაწილეებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებული რადიკალურ ჯგუფებში, მოუწოდებს არ გასცდნენ მშვიდობიანი აქციისთვის დადგენილ ნორმებს.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მყარად დგას და არეულობას და დესტაბილიზაციას არ დაუშვებს.
„მას შემდეგ რაც ჩატარდა საერთო – სახალხო შეკრება და რადიკალურმა ოპოზიციამ დაინახა, თუ რამდენი ადამიანი გვიჭერს ჩვენ მხარს, ახლა ცდილობენ აქციები, რომელიც თავდაპირველად მშვიდობიანი ხასიათის იყო, გადაზარდონ დაპირისპირებაში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ დღეს დაგეგმილ აქციაზე იქნება მოწოდებები დაპირისპირებისკენ და კიდევ უფრო ეცდებიან, დაუპირისპირდნენ სამართალდამცავებს.
უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ რადიკალურ ფრთას საქართველოში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ცვლილება სურს, რის შემდეგაც საქართველო ჩათრეული იქნება დიდ ომში და გაიხსნება მეორე ფრონტი. ჩვენ რასაკვირველია, მაქსიმალურად შევეწინააღმდეგებით ამ ყველაფერს.
რადიკალების საბოლოო მიზანზე დიდი ხანია ვსაუბრობთ. რასაკვირველია, სააკაშვილის საქართველოში შემოყვანა არ იყო შემთხვევითი, ის სპეციალურად არის შემოგზავნილი.
ყველას კარგად გვახსოვს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდგომ, როგორ მოგვიწოდებდნენ, გაგვეშვა სახელმწიფო თვითმფრინავებით მოხალისეები, დაგვესანქცირებინა რუსეთი, ღია დაპირისპირებაში შევსულიყავით აფხაზებთან და ოსებთან, ანუ მათი მთავარი მიზანი არის, საქართველოში მოხდეს დესტაბილიზაცია და როგორმე ვიყოთ ჩათრეულები დიდ ომში. რა თქმა უნდა ჩვენ მყარად ვდგავართ და არეულობას და დესტაბილიზაციას არ დავუშვებთ.
მიმდინარე პროცესები უკვე გასცდა კანონს გამჭვირვალეობის შესახებ და ამ ყველაფერს გონიერი ადამიანი კარგად ხედავს. ეს არ არის ბრძოლა რუსეთისკენ ან ევროპისკენ – ეს არის ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და იმისთვის, თუ რამდენად დამოუკიდებელი იქნება საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ხალხის მიერ არის არჩეული და უნდა შეასრულოს ხალხის სურვილები.
რაც შეეხება გუშინდელ აქციას, თავდაპირველად ის მშვიდ რეჟიმში მიმდინარეობდა, თუმცა მოგვიანებით გარკვეულმა ჯგუფებმა მოახერხეს და გადაიყვანეს დაპირისპირების მძიმე ფორმებში. რა თქმა უნდა, ძალადობა ნებისმიერი მხრიდან მიუღებელია. აუცილებლად უნდა გამოვხატო ჩემი მხრიდან დიდი პატივისცემა იმ სამართალდამცავების მისამართით, რომლებიც მედგრად დგანან და ითმენენ სხვადასხვა შეურაცხყოფას აქციის მონაწილეების მხრიდან.
ადამიანები, რომლებიც აქციაზე სკანდირებენ, რომ საქართველოს გზა არის ევროპისკენ, საინტერესოა თუ იციან რამხელა პატივს სცემენ ევროპაში სამართალდამცავებს და მათი შეურაცხყოფა როგორი მძიმე მუხლით ისჯება. მოუწოდებ აქციის ის მონაწილეები, რომლებიც რეალურად არ არიან გაერთიანებული რადიკალურ ჯგუფში, არ გასცდეს მშვიდობიანი აქცია დადგენილ ნორმებს.
მშვიდობა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, ამიტომ ჩვენ ვალდებულები ვართ, შევინარჩუნოთ მშვიდობა და წინ გადავდგათ ნაბიჯები,“ – განაცხადა დავით კაჭარავამ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება