fbpx

გურამ მაჭარაშვილი: რუსეთს და რადიკალურ ოპოზიციას არ უნდა, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ – ამიტომ მიიღოს დასავლეთმა გადაწყვეტილება და რუსეთის და რადიკალური ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მოგვანიჭოს კანდიდატის სტატუსი

„თავად ევროკავშირის ხელმძღვანელობამაც თქვა, კერძოდ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, რომ დიახ, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ვინაიდან უკრაინა ომშია, მოლდოვა პრაქტიკულად ნახევრად ომშია და მათ ამიტომ მივანიჭეთო სტატუსი“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას პრაქტიკულად ყველა საკითხი ჩაბარებული აქვს, რაზეც ევროკავშირმა შემოდგომაზე უნდა იმსჯელოს.

ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოს ხელისუფლებას პრაქტიკულად ყველა საკითხი ჩაბარებული აქვს. შემოდგომაზე რა საკითხებიც უნდა განიხილოს ევროკავშირმა, პირდაპირ ეთერში ჩაბარდა იმ თანამდებობის პირებს, რომლებიც თავად აცხადებენ, რომ საქართველო არის მოწინავე პოზიციებზე. ევროპელი ლიდერების განცხადებების გარდა, ჩვენ ვიცით ევროკომისიის თებერვლის დასკვნა, სადაც ასოცირებულ ტრიოში საქართველო პრაქტიკულად ყველა მიმართულებით პირველ ადგილზეა, იმ ორ ქვეყანასთან შედარებით, რომელმაც უკვე მიიღო კანდიდატის სტატუსი.
ასე რომ, ობიექტური რეალობიდან გამომდინარე თუ ვისაუბრებთ, ბუნებრივია, არანაირი წინაპირობა იმისა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვას, არ არსებობს. მაგრამ ჩვენ ისიც ვიცით და საზოგადოებასაც არ ვუმალავთ (პირდაპირ ვეუბნებით), რომ ეს გადაწყვეტილება არის პოლიტიკური. მეტიც, ამაზე თავად ევროკავშირის ხელმძღვანელობამაც თქვა, კერძოდ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, რომ დიახ, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ვინაიდან უკრაინა ომშია, მოლდოვა პრაქტიკულად ნახევრად ომშია და მათ ამიტომ მივანიჭეთო სტატუსი.
რეალობაზე თუ ვისაუბრებთ, სურათი ასე უნდა დავინახოთ – დღეს კანდიდატის სტატუსის მიღება ვის უნდა, და ვის არ უნდა? ჩვენ გვინდა, საქართველოს ხელისუფლებას უნდა და საზოგადოებას უნდა. ვის არ უნდა? რუსეთს არ უნდა და რადიკალურ ოპოზიციას არ უნდა. ამიტომ, ვინ არის პრორუსული პოლიტიკის მომხრე და ვინ – პროევროპული პოლიტიკის, ამას საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს. მარტივი მოცემულობაა – ევროკავშირს ვეუბნებით, რომ თქვენ თუ გინდათ ჩვენი დახმარება, ამბობთ, რომ ასოცირებულ ტრიოში ვართ მოწინავე პოზიციებზე, თან იმ ფონზე, როდესაც გამოწვევებით არის სავსე მსოფლიო და რეგიონი. ამიტომ არც რეალური და არც ობიექტური საფუძველი არ გაქვთ, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიიღოთ. პარტნიორებს ვეუბნებით, რომ გვინდა ევროინტეგრაცია განვითარდეს, ამიტომ მოგვეცით კანდიდატის სტატუსი, ჩვენ ხომ სამათხოვროდ არაფერს ვამბობთ, მათივე კომისია აღიარებს, რომ ჩვენ მოწინავე ადგილზე ვართ. ამავდროულად, პოლიტიკური მდგენელიც რომ დავამატოთ, ეს არის – ამიტომ მიიღონ გადაწყვეტილება და რუსეთის და რადიკალური ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მოგვანიჭონ კანდიდატის სტატუსი და ეს დეპოლარიზაციასაც ხელს შეუწყობს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება