განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროში უმნიშვნელოვანესი რეფორმები მიმდინარეობს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამები აქამდეც, ძირითადად, სწორედ ახალგაზრდობას მოიცავდა, ამიტომ, მისასალმებელია გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, პირველი იანვრიდან სამინისტროს უკვე სტრუქტურულად დაემატება ახალგაზრდობის სექტორი. უახლოეს პერიოდში ველოდებით ახალ სამოქმედო გეგმასაც, რაც ახალგაზრდობის პოლიტიკის ყველა ძირითად მიმართულებას მოიცავს, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ.
როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ინიციატივით 2022 წლის 1 ნოემბრიდან საჯარო სამსახურში სტაჟირება ითვლება სამუშაო გამოცდილებად, ხოლო 2024 წლის 1 იანვრიდან სტაჟირება უკვე ანაზღაურებადი გახდება.
„ეს ახალგაზრდებისთვის დამატებითი მოტივაციაა და ასევე კარგი საშუალება სახელმწიფოსთვის, რომ ადამიანური რესურსი კიდევ უფრო გაძლიერდეს. ეს ჩემი თანატოლებისთვის, ჩემი ასაკის ადამიანებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე და სწორედ ამიტომ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტიდან ჩვენ დავიწყეთ კამპანია, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს ვხვდებით, ვაცნობთ ანაზღაურებადი სტაჟირების შესახებ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს და განვიხილავთ მიმდინარე რეფორმებსაც, რომელიც ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.