fbpx

გეგმის ნაწილი იყო რომ 19 თებერვლისთვის სააკაშვილი უნდა შემოსულიყო სარფიდან საქართველოში-ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “ღამის კურიერში” “ნაციონალური მოძრაობის” გეგმებთან დაკავშირებულ კიევიდან მიღებულ ინფორმაციაზე საუბრობს.

ირაკლი კობახიძე “რუსთავი 2-ის” ეთერში ჰყვება, რომ აღნიშნული ინფორმაცია მმართველი გუნდის წევრებმა კიევიდან, კოლეგებისგან 17 თებერვალს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომამდე 1 დღით ადრე მიიღეს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი განმარტავს, აღნიშნული ინფორმაცია, მათ, მმართველი პარტიის წევრებმა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას არ გაანდეს.

მიზეზი, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იყო ეჭვები, რომლებიც მსგავსმა განცხადებებმა გამოიწვია. “ნაციონალურ მოძრაობას” გეგმის სისრულეში მოყვანისთვის, რომელიც ხელისუფლების აყირავებას ისახავდა მიზნად და ასევე, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სარფიდან საქართველოში შემოსვლას, 2 დღე სჭირდებოდათ.

ამავე დროს, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გიორგი გახარია მათთვის სრულიად გაუგებარი მოტივით, ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის 2-3 დღით გადადებას ითხოვდა. აქედან გამომდინარე, მმართველ გუნდს მაშინდელი პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით ეჭვები გაუჩნდათ და კიევიდან მიღებული ინფორმაციის არსებობა მას დაუმალეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეჭვი მმართველ პარტიაში 17 თებერვალს, ინფორმაციის მიღების დღესვე გაუჩნდათ.

“18 თებერვალს უკვე, ვერ დაკავების საბაბით ისინი აცხადებდნენ ე.წ. ალტერნატიულ მთავრობას თავისი ე.წ. ძალოვანი მინისტრებით, ეს არის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვქონდა კიევიდან, ჰქონდათ მათ გამზადებული სცენარი, ჰყავდათ ადამიანები შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში, რომლებიც აკეთებდნენ განცხადებას ალტერნატიული მთავრობის და ძალოვანი სტრუქტურების დაქვემდებარებაში გადასვლის თაობაზე.

მე არ ვიცი პრემიერ-მინისტრ გახარიასთვის ეს ცნობილი იყო თუ არა, მაგრამ დასკვნები შეგიძლიათ თვითონ გამოიტანოთ. ჩვენ გვქონდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჩვენი კოლეგებისგან და მას, გიორგი გახარიას, 17 თებერვალს ეს ინფორმაცია არ გავანდეთ გამომდინარე იქიდან, რომ უკვე ეჭვი გაჩნდა.

ეჭვი გამოიწვია ამ თანხვედრამ, იქიდან ამბობენ, რომ 2-3 დღე გვჭირდება და ავაყირავებთ ხელისუფლებას და აქ ითხოვს ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გაუგებარი მოტივით 2-3 დღით ოპერაციის გადადებას.

ეს იმიტაცია ხდება ძალოვან სტრუქტურებში, აქედან იქით გადადიან თანამშრომლები და ა.შ. ალტერნატიული მთავრობის დაქვემდებარებაში ძალოვან სტრუქტურებში გადადიან რეალური ძალოვნები, შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ეს შეიძლება ყოფილიყო სულ 15 კაცი. ეს უნდა მომხდარიყო 18-19 თებერვალს. ჩვენთვის ამ ძალოვანების ვინაობა არ არის ცნობილი, გეგმის ნაწილი რომ იყო ეს არის ცნობილი, რაოდენობებზე იყო საუბარი, თუმცა გვარები ჩვენ არ ვიცით.

შემდეგი გეგმის ნაწილი იყო ის, რომ 19 თებერვლისთვის სააკაშვილი უნდა შემოსულიყო სარფიდან საქართველოში. რაღაც უკრაინული სცენარი, რაც ჰქონდა თავის დროზე გათამაშებული სააკაშვილს, ხვდებიან აქტივისტები, შემოდის. ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ ამას შეძლებდნენ ისინი და ააყირავებდნენ მართლა ხელისუფლებას. ჩვენ რა თქმა უნდა გვექნებოდა რეაგირება, მაგრამ დამეთანხმებით, რომ ამ ყველაფერს თუ ავიღებთ ერთად, ბუნებრივია რთულ მდგომარეობაში ჩააყენებდა ეს ყველაფერი მმართველ პარტიას მითუმეტეს იმ ფონზე თუ 19 თებერვალს სააკაშვილის ამ მცდელობასთან და შემოსვლასთან ერთად პრემიერი დამატებით გადადგებოდა. საკმაოდ სახიფათო ჯაჭვი იქმნება მმართველი პარტიისთვის,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია