fbpx

ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა სრულდება

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.

პროექტის მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

მისი თქმით, დედაქალაქში მსგავსი მასშტაბის სამანქანო ხიდის მშენებლობის პროექტი საბჭოთა კავშირის შემდეგ არ განხორციელებულა.

„ეს იქნება ორზოლიანი გზა. ასევე, მოეწყობა ტროტუარი და საველოსიპედე ბილიკი. ხიდის ერთ მხარეს ასფალტის ქვედა ფენები დაგებულია, მიმდინარეობს საიზოლაციო სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ ყველა მასალა, რაც გამოყენებულია მშენებლობისას საქართველოშია ნაწარმოები”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამჟამად, ხიდზე დასრულებულია რკინა-ბეტონის ფილებისა და სადეფორმაციო ნაკერების მოწყობა. მონტაჟდება გარე განათების ქსელიც, ხოლო ხიდის სავალ ნაწილზე დაწყებულია ასფალტის საფარის დაგება. აღნიშნული სამუშაოები მაისის ბოლომდე დასრულდება.

ადგილზე დედაქალაქის მერთან ერთად ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე და საკრებულოს წევრი ავთანდილ ცინცაძე იმყოფებოდნენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება