fbpx

ალეკო ელისაშვილი-ოპოზიციისა და “ქართული ოცნების” პოზიციები დაახლოვდა, აშკარად პროგრესია

ინტენსიური მუშაობა მიდის, რომ ოპოზიციისა და “ქართული ოცნების” პოზიციები დაახლოვდეს – აშკარად პროგრესია, – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის რეზიდენციის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი დღე სამზადისია მესამე რაუნდისთვის, რომელიც ნაყოფიერად უნდა დასრულდეს.

“მიდის ინტენსიური მუშაობა, რომ ოპოზიციისა და “ქართული ოცნების” პოზიციები დაახლოვდეს, აშკარად პროგრესია. ძალიან ნელა, წვალებით, რთულად, მაგრამ დღეს პოზიციები გაცილებით მეტადაა დაახლოებული, ვიდრე წინა დღეებში იყო. ხელისუფლება ოპოზიციისკენ აშკარად ნაბიჯებს დგამს. ტენდენცია პოზიტიურია, “ქართულმა ოცნებამ” გააცნობიერა კრიზისი, გააცნობიერა თუ როგორი ზამთარი გველის, გააცნობიერა პერსპექტივა იმის, რომ ერთპარტიული პარლამენტი როგორი სამარცხვინო შეიძლება იყოს. წითელი ხაზები ისევ არსებობს, მაგრამ უფრო წინ გადადგმული ნაბიჯებია. შესაბამისად, ოპტიმიზმი მომატებული მაქვს. ოპოზიციას ძალიან მცირე სივრცე აქვს კომპრომისისთვის, ნაბიჯები ხელისუფლებამ უნდა გადმოდგას და როგორც ჩანს, ამის მზაობაა. ფაქტია, რომ დღევანდელი დღე სამზადისია მესამე რაუნდისთვის, რომელიც ნაყოფიერად უნდა დასრულდეს. დღეს რა აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო ძალიან მკაფიოა, რაც მისასალმებელია”, – განაცხადა ელისაშვილმა.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია